თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა - საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა - საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასკვნით დღეს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველმა ფალავანმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა.

ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. მაჭარაშვილის გარდა, ბრინჯაოს შოთა ფარტენაძეც (61კგ) დაეუფლა. ტურნირზე ვერცხლის მედლები ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიპოვეს. გენომ მედალთან ერთად ოლიმპიადის საგზურიც გაინაღდა.

ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა. 21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.