თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ

ბათუმის სპორტის ახალ სასახლეში სტარტი აიღო ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშებამ და ეს შეჯიბრი ერთგვარად საქართველოს ჩემპიონატის სტატუსის მატარებელი გახლავთ, რადგან აქ დაფიქსირებული შედეგებით გუნდის ის ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტდება რომელიც მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შეჯიბრის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით ტურნირს ქართველი მსაჯების გარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და თურქი არბიტრებიც ემსახურებიან.

შეჯიბრის პირველ დღეს ფინალური წყვილები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:-

57 კგ – ოთარ გოგავა (ხონი) – რამაზ თურმანიძე (აჭარა)

65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – გიორგი სულავა (ქუთაისი)

86 კგ – დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა) – სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

97 კგ – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) – ზვიად მეტრეველი (ონი)

ფინალური ბლოკი ხვალ 17 საათზე დაიწყება, მანამდე კი 61, 70, 79, 92 და 125 წონითი კატეგორიის ფალავნები წინასწარ შეხვედრებს ჩაატარებენ. მსოფლიო ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) საქართველოს თასის გათამაშებას ტრავმის გამო გამოაკლდნენ, ხოლო კიდევ ერთმა მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61) და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) შაბათ-კვირას ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს.

ელიზბარ ოდიკაძემ ვლადიკავკაზში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში “ალანები” ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა დაღესტნელ შამილ მუსაევთან 9:0 მოიგო, ბექა ლომთაძე კი უმედლოდ დარჩა.