თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - არველაძემ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - არველაძემ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

შოთა არველაძემ „ჰალ სიტიში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა და ახალ კლუბში დანიშვნის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. „ჰალ სიტის“ სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში – მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტის“ გვერდზე ქართველი მწვრთნელის დანიშვნაზე ინფორმაცია გავრცელდა, ინგლისური კლუბის სოციალურ ქსელში კომენტარების ნახევარზე მეტი ქართველებმა გააკეთეს:

„შოთი, წარმატება ახალ ბრიტანულ კარიერაში.“

„საამაყო ქართველი! წარმატებები შოთი! გილოცავთ „ჰალის“ გულშემატკივრებს! უმაგრესი მწვრთნელი გყავთ!“

ჰალ სიტი“ – ახლა მთელი საქართველო მხარს გიჭერს. მოგესალმებით და წარმატებები“.

„წარმატებები შოთა ! ლეგენდარული ფეხბურთელიც და დიდი ადამიანიც! ჩვენ გვინდა თქვენი ნახვა პრემიერლიგაში“.

„წარმატებები საქართველოდან“.

„შოთი, წაიყვანე 2-3 ქართველი, ხელი შეუწყვე ბიჭებს და ისინიც დაგიდებენ შედეგს“.

„წარმატებები შოთი! ქართველი ლეგენდა ხარ როგორც ფეხბურთელი და იმედია ლეგენდა მწვრთნელიც იქნები! წარმატებები!“.

„დიახ, ის შესანიშნავი მენეჯერია! მან დაამტკიცა, რომ წარმატებული მწვრთნელია და იმედია, ტიტულებს ინგლისურ ფეხბურთშიც მოიპოვებს!“.