ტატო გრიგალაშვილი - ვიბრძოლებ ოლიმპიადაზე მოსახვედრად და აუცილებლად მოსაგებად წავალ
ტატო გრიგალაშვილი - ვიბრძოლებ ოლიმპიადაზე მოსახვედრად და აუცილებლად მოსაგებად წავალ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ სპეციალურ გადაცემაში წლის ნომინანტები გამოავლინა. წლის ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 2020 წელს არაერთი პრიზი მოიპოვა. მან დიუსელდორფის გრანდ სლემი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის „ამომავალ ვარსკვლავად“ დაასახელა.

ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტატო გრიგალაშვილმა განვლილი წელი შეაფასა და მოპოვებული ტიტულების შესახებ ისაუბრა:

„ქართველი ხალხის დახმარებით შევძელით გამარჯვება. დიდი მადლობა მათ. ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვისაც და ლუხუმ ჩხვიმიანისთვისაც. რაც შეეხება დიუსელდორფს, კარგად მომზადებულები წავედით. ბადეში მყავდა მსოფლიოს ორი ჩემპიონი და ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი. ეს მოტივაციას უფრო მაძლევდა. ამან უფრო მეტი საშუალება მომცა, რომ უკეთ მეჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე და გამომეყენებინა ის განვლილი ეტაპი, რაც დიუსელდორფში იყო“.

მან 2021 წლის ოლიმპიადაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იქ წასასვლელად და მოსაგებად იბრძოლებს:

„კონკურენცია ძალიან დიდია. თუმცა რაც უფრო ძლიერი კონკურენტი გყავს უფრო მობილიზებული ხარ. ვინც მეტად დაიმსახურებს და ძლიერი იქნება, ის წავა ოლიმპიადაზე. რაც შემეხება მე, ვიბრძოლებ ოლიმპიადაზე მოსახვედრად და აუცილებლად მოსაგებად წავალ“.