ტატო გრიგალაშვილი იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.

დღეს შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მერვედფინალში ბრაზილიელ კარგნინთან ორი ვაზარით დამარცხდა.

ტურნირზე გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა კი პირველივე დაპირისპირება დამატებით დროში მასპინძელ იდო ლევინთან დათმო.

ხვალ, 22 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს იერუსალიმის მასტერსზე მედლების მოპოვებას შვიდი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება. 90კგ-ში მოასპარეზე ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს მასტერსზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ მაღალი სიცხის გამო იგი თბილისში დარჩა და ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.