ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცი​ის განახლებული რეიტინგის ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცი​ის განახლებული რეიტინგის ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

 

60 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო პირველობაზე უმედლოდ დარჩენილი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც რეიტინგში მეხუთე ნომერი იყო, ორი საფეხურით დაქვეითდა და 2561 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ამ წონაში პირველი ნომერი ტაივანის წარმომადგენელი – ვეი იანგ იუნგია.

 

66 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გასული ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი იყო და ახლა ის ერთი პოზიციით დაქვეითდა.

მსოფლიოს პირველ ნომრად კი კვლავ მოლდოველი დენის ვიერუა.

 

73 კგ-ში მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ამ წონაში პირველ ადგილზე გადავიდა, მონღოლი – ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი, რომელმაც უზბეკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

81 კგ-ში 2021 წლიდან ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს. უზბეკეთში მოპოვებული ოქროს მედლით კი ქართველმა ფალავანმა მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ ბელგიელ მატიას კასეს 309 ქულით უსწრებს.

 

90 კგ-ში ორივე ქართველმა ძიუდოისტმა – ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაურმა რეიტინგში წინ წაიწიეს. მაისურაძე მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადავიდა და მის ანგარიშზე 3725 სარეიტინგო ქულაა, რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, ქართველი ფალავანი მე-10 ადგილიდან სამი პოზიციით დაწინაურდა და მეშვიდეზე გადაინაცვლა. მის ანგარიშზე კი 3500 სარეიტინგო ქულაა.

ამ წონით კატეგორიაში მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა ბექა ღვინიაშვილი, რომელიც განახლებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

 

100 კგ-ში ილია სულამანიძე, რომელიც მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა, მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა. იგი 3792 სარეიტინგო ქულით მეხუთე ნომერია. ერთი პოზიციით დაქვეითდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მეათე ნომერი გახდა.

 

+100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რეიტინგში მისი პოზიცია უცვლელია. გურამი კვლავ მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია. პირველია ტაჯიკი ტემურ რახიმოვი.

 

57 კგ-ში, ქალებში, მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. იგი ერთი პოზიციით დაქვეითდა და რეიტინგში მეოთხე ნომერია.