ტატო გრიგალაშვილი - ამ გამარჯვებას საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი - ამ გამარჯვებას საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი #1TVSPORT

ტაშკენტიდან დაბრუნდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც უზბეკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ჩვენმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა. მსოფლიო ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა დაიკავეს.

ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, სპორტსმენები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

„მოგეხსენებათ, რა დონის ტურნირია და გახარებული ვარ. ახლა კი ემოციები გამიცოცხლდა, რაც უზბეკეთში ტატამზე ვიგრძენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ამ გამარჯვებას საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი. ყველამ ერთად გავიმარჯვეთ – ეს ჯილდო მარტო მე არ მომიგია.

რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრა რთული იყო, მაგრამ მთლიანობაში კარგი და სასიამოვნო საჭიდაო გამოდგა და გამარჯვება შევძელი. ემოციებით სავსე ვარ და საუბარი ცოტა მიჭირს.

შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემთვის ტიტულის დაცვა დიდი პასუხისმგებლობაა. შევეცდები, ტიტული დავიცვა.  ოლიმპიადაზე გასვლის დიდი სურვილი მაქვს და რა თქმა უნდა, იქაც მოგებისთვის ვიბრძოლებ“, – ამბობს მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში იპონით დაამარცხა.