ტარიელ შავერდაშვილი - ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა
ტარიელ შავერდაშვილი - ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი ტარიელ შავერდაშვილი იკითხება.

ტარიელ შავერდაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქმიანობდა. მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების ურთიერთობა 2006-2007 წლებში, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. მოწმემ სხდომაზე ჯოზეფ ქეის შესახებაც ისაუბრა.

„ბადრი პატარკაციშვილს 1979 წლიდან ვმეგობრობდი. მის საქმიანობაზე საქმის კურსში ვიყავი ყოველთვის. რა ბიზნესიც ბადრიმ წამოიწყო, ყველაფრის აქტიური მონაწილე ვიყავი. ჩემი აქტიური მონაწილეობით ვიშოვეთ სიხშირე, რათა ბადრის ტელევიზია გაეხსნა. მან შეიძინა ეს სიხშირე და დაარსა ტელეკომპანია „იმედი”. ჯოზეფ ქეიმ კი, რომელიც ბადრის ახლო ნათესავი იყო, დაგვღუპა. ის სხვა თამაშებს თამაშობდა და ამის შესახებ ძალიან კარგად ვიცოდი,  ბადრისაც მივაწოდე ინფორმაცია. სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჯოზეფ ქეი ამდენს გაბედავდა. დევნა, რომელიც ბადრიზე ხორციელდებოდა, გირგვლიანის ამბის შემდეგ დაიწყო, ამის მერე დაიძაბა ხელისუფლებისა და ბადრის ურთიერთობა”,-განაცხადა ტარიელ შავერდაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხებიან კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური და გამომძიებელი ლევან გაჩეჩილაძე.

ტელეკომპანი „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ბადრი პატარკაციშვილის წილების იძულებით დათმობის საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა.