ტარიელ ხეჩიკაშვილი - თანამდებობა არ უნდა იყოს სპორტის სიყვარულის განმსაზღვრელი #1TVSPORT
ტარიელ ხეჩიკაშვილი - თანამდებობა არ უნდა იყოს სპორტის სიყვარულის განმსაზღვრელი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფონდის საქმიანობასა და გეგმებზე ისაუბრა. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, სპორტის სიყვარული თანამდებობით არ განისაზღვრება.

„ფონდის დაფუძნება საქმის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა. რაც მთავარია, უნდა ვაჩვენოთ, რომ სპორტის სიყვარულის განმსაზღვრელი თანამდებობა არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენთან თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ადამიანს ემატება „ექს“ და სფეროდან მიდის. არადა, ჩვენ გვსურს, რომ გამოცდილება სპორტსა და ქვეყანას მოვახმაროთ. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ხიდი სპორტსა და ბიზნესს შორის.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრია სოციალურად შეჭირვებული და ასეთი ოჯახის შვილები არ უნდა დაიჩაგრონ და გადასახადის გარეშე სპორტით დაკავდნენ. ამისთვის სპეციალური პროგრამა იქნება და ფედერაციებთან მემორანდუმების გაფორმება უკვე დავიწყეთ.

ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმასაც, რომ საქართველო რეგიონის სპორტული ჰაბი გახდეს. როგორ ვარჩევთ პარტნიორებს? ოლიმპიურ სახეობას ვანიჭებთ უპირატესობას. თუმცა, არის სახეობები, რომლებთან ურთიერთობაც გვსურს. ცხადია, პერსპექტივას ვითვალისწინებთ. ასევე ვაპირებთ პარალიმპიელებთან პარტნიორობას.

ფონდიდან არანაირ მოგებას არ ველი და არც თანამდებობას ვესწრაფვი. ეს მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ვინც თანამდებობაზე გამოცდილება მიიღო, სპორტს შეუძლია და უნდა ემსახუროს. საამისოდ არ არის სავალდებულო, რომ ადამიანი თანამდებობაზე იყოს.

ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შევხვდი, რომელიც საქართელოსთვის ბევრ საქმეს უჩუმრად აკეთებს. ამ ორგანიზაციის დახმარებით საინტერესო პროექტები იგეგმება, რადგან ბევრი ძლიერი და საინტერესო პარტნიორები ჰყავს“.