თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმებას მივაღწიეთ - „ანორთოსისმა“ და ქეცბაიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს #1TVSPORT
თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმებას მივაღწიეთ - „ანორთოსისმა“ და ქეცბაიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ადმინისტრაციამ და თემურ ქეცბაიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და მწვრთნელი თემურ ქეცბაია აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თემური გუნდიდან სამი წლისა და 119 თამაშის შემდეგ მიდის.

ბევრის დაწერა შეიძლებოდა. სამწუხაროდ, იყო დაძაბულობის და უთანხმოების მომენტებიც. თუმცა ჭარბობდა ის, რაც ყოველთვის გვაერთიანებდა – ჩვენი „ანორთოსისი“. მხარეებმა საკითხები განიხილეს პატივისცემისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, რათა ეპოვათ საუკეთესო გამოსავალი, რადგან ისინი აღიარებდნენ, რომ ურთიერთობა მხოლოდ პროფესიულ ხასიათს არ ატარებდა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ სიყვარულით იყო განმსჭვალული.

თემურ ქეცბაიას პერიოდში იყო არა მხოლოდ ციფრები, გამარჯვებები, თასები და ევროპულ შეჯიბრებებში გამოსვლები, არამედ უპირველეს ყოვლისა, უთვალავი ემოცია, რომელიც გვაერთიანებს – ეს კლუბის სპორტული ისტორიის რამდენიმე გვერდია. თავის მხრივ, თემურ ქეცბაია მადლობას უხდის ყველას „ანორთოსისის“ ადმინისტრაციაში, ქრისტოს პულაიდისის ხელმძღვანელობით, ასევე გუნდის შესანიშნავ გულშემატკივრებს კარგ და რთულ მომენტებში თანადგომისთვის და „ანორთოსისს“ შემდგომ განვითარებას და წარმატებას უსურვებს.

თემურ, შენი ძლიერი პიროვნებით ფამაგუსტას „ანორთოსისისა“ და ზოგადად ჩვენი ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე გვერდი შეავსე. წარმატებებს გისურვებთ კარიერაში. „ანორთოსისი“ ყოველთვის შენს გვერდით იქნება და ერთად გავაგრძელებთ მსვლელობას ერთადერთი მიზნით – დავბრუნდეთ მწვერვალზე“, – წერია კლუბის და ქართველი მწვრთნელის ერთობლივ განცხადებაში.