თანამშრომლობა მაშინ დავიწყე, გუნდიდან რომ გაუშვეს - ვოლკოვის მენეჯერი ნაკრების ახალწვეულის მომავალზე საუბრობს #TVSPORT
თანამშრომლობა მაშინ დავიწყე, გუნდიდან რომ გაუშვეს - ვოლკოვის მენეჯერი ნაკრების ახალწვეულის მომავალზე საუბრობს #TVSPORT

„საკუთარ თავზე ვბრაზდები, აქამდე რომ არ გამოვიძახე“, – ეს სიტყვები ვილი სანიოლმა დავით ვიოლკოვზე თქვა. მან აზერბაიჯანული „ზირასთავადმსხმელი დათო ვოლკოვი საქართველოს ნაკრების ნოემბრის შეკრებაზე ბოლო მომენტში, „სერენის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრავმის გამო მიიწვია და 26 წლის თავდამსხმელმა მისი იმედები გაამართლა.

ფეხბურთელის მენეჯერი ლევან ზუხბაია საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ 26 წლის თავდამსხმელი ნაკრებში მიწვევას დიდი ხანია იმედოვნებდა:

„დათო მებრძოლი ბიჭია. იმედი ჰქონდა, რომ ნაკრებში მიიწვევდნენ. შრომა არ ეზარება, ნიჭიერია, კარგი სეზონი ჰქონდა და შანსს იმსახურებდა, რადგან წინა სეზონიც კარგად ჩაატარა, მაგრამ არ იწვევდნენ. მადლობა ნაკრების სამწვრთნელო სტაფს, დათოს შრომა რომ დაუფასეს. ეს ბიჭი ამას იმსახურებდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან ზუხბაია. მისი თქმით, კარიერის დასაწყისში ვოლკოვს დიდი გულისტკივილის გადატანა მოუხდა, რადგან გუნდიდან გაუშვეს:

„სხვათა შორის, როდესაც მენეჯერობა დავიწყე, პირველი ფეხბურთელი სწორედ ვოლკოვი იყო, ვისთანაც კონტრაქტი გავაფორმე. ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც დათოს მტკივნეული პერიოდი ჰქონდა. ტრავმა მიიღო და გუნდიდან გაუშვეს. მაშინ მისი მგონი ჩვენს გარდა არავის სჯეროდა. ჩანდა, რომ ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც თანამედროვე თავდამსხმელს სჭირდება – სწრაფია, თავით და ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მაღალია. ამას გარდა, პროფესიონალია და თან პიროვნულადაც ძალიან კარგია, ურთიერთობაში გამორჩეულია და შრომა არ ეზარებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ საინტერესო მოთამაშე იქნებოდა“.

ზუხბაიას თქმით, ახლა ვოლკოვის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია: 

„ბოლო ორი სეზონი აზერბაიჯანში ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მისით თავად დაინტერესდნენ, თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში. გადაწყვეტილებას დათო სანაკრებო და კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ახლა მისგან მეტს ელიან და დარწმუნებული ვარ, წინსვლას გააგრძელებს“.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული „ზირას“ 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სადებიუტო შეხვედრა შვედეთთან შეცვლაზე ჩაატარა და მცირე დროის მიუხედავად, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უზბეკეთთან სანიოლმა უკვე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და „ჯვაროსნებმა“ 1:0 მისი გოლით მოიგეს.