თამაზ მაქაცარია ყაზახეთის პრემიერლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
თამაზ მაქაცარია ყაზახეთის პრემიერლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

თამაზ მაქაცარია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

მაქაცარია ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა, კლუბი იანვარში დატოვა და უგუნდოდ იყო. 27 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი ყაზახეთის პრემიერლიგის „ყიზილ-ჟართან“ გააფორმა, რომელმაც გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

მაქაცარიას ახალ გუნდში საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ელგუჯა ლობჯანიძე დახვდება, რომელიც იქ გასული სეზონიდან თამაშობს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თამაზ მაქაცარიამ კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, ასევე უთამაშია ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, ბოლნისის „სიონში“, „სამტრედიაში“, „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაში“, მაგრამ საუკეთესო პერიოდი „გაგრაში“ ჰქონდა.

თავდამსხმელი 2021 წლის სეზონში „გაგრას“ შემადგენლობაში ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 2022 წლის დასაწყისში გორის „დილაში“ გადავიდა, მაგრამ იქ კარიერა ვერ აეწყო და ისევ „გაგრაში“ დაბრუნდა, სადაც პლეი ოფის მატჩებში გატანილი გოლებით გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენაში დაეხმარა.