თამარ კორძაია - ვხედავთ, როგორ იბრძვის სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის განწირვის გზით ჩვენი თავისუფლებისთვის და ხელისუფლება მზად არის, მშვიდად აცალოს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ ეღირსება
თამარ კორძაია - ვხედავთ, როგორ იბრძვის სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის განწირვის გზით ჩვენი თავისუფლებისთვის და ხელისუფლება მზად არის, მშვიდად აცალოს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ ეღირსება

აქ ვდგავართ მოქალაქეები და არა ქვეშევრდომები, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ძალაუფლების მიტაცება ყველა მეთოდით და გადაწყვიტა, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვექციეთ ქვეშევრდომებად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„არასოდეს არც ერთი ჩვენთაგანი არ იქნება ქვეშევრდომი, არ იქნება მორჩილი, რადგანაც ჩვენ გვაქვს უნიკალური მაგალითები თავისუფლებისთვის ბრძოლის და თავდადების. ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის განწირვის გზით ჩვენი თავისუფლებისთვის და ხელისუფლება მზად არის, რომ მშვიდად შეხედოს ამ პროცესს და აცალოს მას სიკვდილი, მაგრამ ვერ ეღირსება ამას. ხელისუფლება არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ის განზრახ მოვკალით, მაგრამ უდანაშაულო ვართ, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ არის დამნაშავე; ყველამ ვიცით და დავინახეთ, რომ დღეს ხელისუფლება შიმშილობის 37-ე დღეს ამბობს, რომ თურმე ადამიანი არ შიმშილობს, რადგან ვერ წარმოუდგენია, რომ ქვეყნის, სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეიძლება, გაძლო ამდენ ხანს ადამიანმა.

ამიტომ ეს ხელისუფლება დამარცხდება, რადგან ნელ-ნელა იღვიძებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ეგონათ, რომ რაღაცას მაინც აკეთებდა ეს ხელისუფლება. იღვიძებენ მოსამართლეები, რომლებიც დაუპირისპირდნენ კოლეგებს. იღვიძებენ პედაგოგები, ადამიანები, რომლებიც დღეს აქ დგახართ და ხვალ უფრო მეტი გახდებით. ამიტომ ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით თითოეული ჩვენგანის, ამ ქვეყნის, რადგან ჩვენ გვაქვს ამ თავდადების მაგალითები და გვაქვს უღირსი ხელისუფლება, რომელიც მზად არის მოკლას, ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში და ჩვენ არ დავუთმობთ, არ მოვაკვლევინებთ და ამით გავიმარჯვებთ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.