თამარ კორძაია - ეუთო/ოდირი-ს ეს ანგარიში შუალედურია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები
თამარ კორძაია - ეუთო/ოდირი-ს ეს ანგარიში შუალედურია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები

ეუთო/ოდირი-ს ეს ანგარიში შუალედურია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია თემის კომენტირებისას.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს შუალედური ანგარიშია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზებას ახდენს სწორედ სახელისუფლებო პარტია. სახელისუფლებო პარტია ასევე სარგებლობს საკუთარი ადმინისტრაციული რესურსით და ესეც აუცილებლად იქნება ასახული ანგარიშებში და ჩვენ მივაწვდით ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. არც ერთი დავა, რომელიც უკავშირდება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას, სასამართლოს მიერ განხილული და დაკმაყოფილებული არ იყო, თუმცა ვთვლით, რომ წარვადგინეთ ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ანგარიშებში ყველა ეს საკითხი აუცილებლად მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. ასი დღის შემდეგ იყო, თუ როცა იყო, მათ მოაწერეს ხელი და გამოხატეს მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ერთგული იმ ღირებულებების, რაც ამ შეთანხმებაში წერია. ხელმოწერა თავის დროზე რატომ არ მოხდა, ეს ახსნილია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძიმე შეფასებები გამოიწვია სწორედ „ქართული ოცნების“ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც ამტკიცებს იმას რომ, ეს შეთანხმება არ არსებობს და ის გავიდა შეთანხმებიდან, რადგანაც ეს ვერ შესრულდება. ვერ შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ არ ისურვებს ამის შესრულებას და ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში დავინახეთ, რომ შეთანხმების დღიდან „ოცნება“ იყო პირველი სუბიექტი, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისად არ მოქმედებდა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.