თამარ ხულორდავა - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა
თამარ ხულორდავა - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას თამაშად აფასებს.

საუბარია გრიგორი კარასინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო, ეს საკითხი გადაიდო. ხულორდავა აღნიშნავს, რომ ეს არის თამაში, რადგან რუსეთს ხელს არაფერი უშლიდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

„ეს მხოლოდ მათი მხრიდან მისაღები გადაწყვეტილება იყო. რამდენადაც ვიცი, სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. მისი მხრიდან ამაზე ახლა საუბარი თამაშს თუ დამატებითი ბერკეტების გამოყენების მცდელობას ჰგავს, რასაც არ უნდა წამოვეგოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველასთან ნორმალური და მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან. ის ურთიერთობა, რაც რუსეთთან გვაქვს, ჩვენი არჩევანი არ არის, მოცემულობაა, რომელშიც ვართ და ამ მოცემულობის შინაარსში ჩვენც კარგად ვერკვევით და რუსეთიც გადასარევად ერკვევა. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მუდმივად სხვადასხვა პრობლემებს ვაწყდებით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები ეწირება“, – განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატი რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ხშირად გარკვეული მანიპულაციები, რაღაც ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც საქართველისთვის მტკივნეულია.

„გათვლა იყო, რომ ფრენების აკრძალვა ტურისტული სეზონის პიკში ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებს და ჩვენი მოქალაქეების მტკივნეულად აღქმასა და განცდაზე იყო დიდი აქცენტი გადატანილი. რუსეთისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწევს ასეთი მცირე ბერკეტების გამოყენებითა და თამაშით. საქართველოს პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებით არ შეიცვლება“, – აცხადებს თამარ ხულორდავა.