თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია
თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას გასვლა ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ტრაგედია არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია.

„საკონსტიტუციო უმრავლესობას მე პირადად ნამდვილად არ გავეტირები, რადგან სწორი და კარგი რამ სულაც არ მგონია. რაც შეეხება დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში, დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ვითარდება და რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ პლენარულ სხდომაზე იყო, ვისურვებდი, რომ შედეგისთვის ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია. თუმცა, ამისთვის ალბათ ორივე მხარის მონდომება არის ხოლმე საჭირო”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები, განსაკუთრებით ოპოზიციური.

„მოხდა რაც მოხდა. მიზეზებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროცესები როგორ გაგრძელდება. თუ ეკა ბესელია ძლიერ გუნდს და ძლიერ პარტიას ჩამოაყლიბებს, ეს მხოლოდ კარგი იანება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის. ის ძალიან ძლიერი და გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ამ პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერმა მიაჩნია, რომ  „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის ჩავარდნა სწორი ნაბიჯი იყო.

„პარლამენტმა გუშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე მხარი არ დამიჭერია, რადგან არ მგონია, რომ ეს იყო გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც ყველას გვაწუხებს. არც ის მგონია, რომ წყალგამყოფი იმ კანონზე გადიოდა, რადგან  ის არც იმ პრობლემას აგვარებდა და არც უვადოდ დანიშნული პრობლემური მოსამართლეების გათავისუფლებას ან შეცვლას ეხებოდა. კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე მე არ ვისაუბრებ”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.  გუშინ კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, .