თამარ ჩუგოშვილი - საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის რანგი და გამოთქმული მესიჯები ცხადყოფს, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ვიზიტი
თამარ ჩუგოშვილი - საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის რანგი და გამოთქმული მესიჯები ცხადყოფს, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ვიზიტი

საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის რანგი და გამოთქმული მესიჯები ცხადყოფს, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის მეორე ვიზიტია და შეხვედრის რანგი და გამოთქმული მესიჯები ცხადყოფს, თუ რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ვიზიტი, რაც მხოლოდ მიხარია. საფრანგეთის მხრიდან გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. საფრანგეთის მხარდაჭერა გვჭირდება არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ სხვა თემებში, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა ამ მიმართულებით ქვეყანას ხელს შეუწყობს და დაეხმარება. საფრანგეთის პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მესიჯები კარგია და იმედია, ამას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.