თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში
თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში

რუსეთი 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია“.

„რუსეთი უკვე 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში. მას მხოლოდ რამდენიმე, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი რეჟიმი აჰყვა, როგორიც არის სირია, ვენესუელა და ა.შ. არავინ მსოფლიოდან, არც ერთი ქვეყანა არ აჰყვა მათ და შეუერთდა რუსეთის მცდელობებს და არ მოექცა რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება მომხდარიყო. პირიქით, პროცესი არის საპირისპირო, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.

მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის პოლიტიკას, რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, თუ ის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებლად აღიარებს.

თამარ ჩუგოშვილი პარტნიორების მხარდაჭერას შეუქცევად პროცესს უწოდებს, რისი მაგალითიც აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმურ არჩევნებზე მსოფლიო გამოხმაურებაც იყო.

დეპუტატმა დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების პროცესიც შეაფასა.

„არანაირი ლეგიტიმაცია და სამართლებრივი შედეგი ამ „არჩევნებს“ არ გააჩნია და ვერ ექნება. ნებისმიერი პროცესი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს არის არალეგიტიმური, რადგან ის არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმართული და ის არ არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმართული.

შესაბამისად, ამ „არჩევნებს“ არანაირი შედეგი არ აქვს, ეს არის გარკვეული ფარსი, რომელშიც სამწუხაროდ, ცხოვრობს ის მოსახლეობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.