თამარ ჩუგოშვილი - როცა საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტია, ბლოკებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, როცა საარჩევნო ბარიერი დაბალია და ერთ პროცენტს შეადგენს, საარჩევნო ბლოკების არსებობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ბლოკების თემა შეთანხმების ნაწილი არ არის. მისი განმარტებით, კონსტიტუციაში დღეს არსებული ჩანაწერით, ბლოკები 2020 წლისთვის ერთჯერადად არის დაშვებული.
„მიმაჩნია, როცა ბარიერი დაბალია და ერთი პროცენტია, ბლოკებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში, პარლამენტში მოხვდეს და შემდეგ იპარტნიოროს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია.
ალბათ, ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები იქნება და საკითხი ზედმეტი გართულებების გარეშე გადაიჭრება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, დეპუტატი ყურადღებას საარჩევნო ოლქების განაწილებაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ახალი საზღვრების დადგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება.
„შეთანხმება მოიცავს პირობას, რომ ოლქებს შორის სხვაობა 15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. ოლქების საზღვრებზე დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ჩუგოშვილი შეთანხმების დეტალებზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა.
„მეორე დოკუმენტში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი რომ არ ყოფილიყო, ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ზოგადი დოკუმენტის ხელმოწერას აზრი არ აქვს. უახლოეს პერიოდში, მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე გარკვეულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, რაც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები ბევრს ვერ ისაუბრებენ, განსაკუთრებით უმრავლესობა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გარკვეულ საქმეებზე სიახლეს უნდა ველოდოთ. სხვანაირ შედეგს არ ველოდები, რადგან ეს ძვირი დაჯდება ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ შეთანხმება დაცული იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.