თამარ ჩუგოშვილი - რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ
თამარ ჩუგოშვილი - რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ

რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს ინტერესი არის ერთადერთი, რომ პორტი აშენდეს.

„როგორც ვხვდები, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გამოთქვეს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის სურვილი. ვერ ვხვდები, რა შეიძლება გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, რომ ამ ადამიანებს მოვუსმინოთ, რადგან ფაქტია, მნიშვნელოვანი საქმეა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს. ბუნებრივია, გამოძიებაზე ეს შეხვედრა გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრები იყვნენ ინფორმირებულნი, შესაძლებელია, ეს ცუდი არ იყოს. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, თუ დეპუტატთა უმრავლესობას უზიარებენ ისინი ინფორმაციას, მაშინ სასურველი იქნება, მეორე ნაწილსაც ეს ინფორმაცია ჰქონდეს. ინფორმაციის მიღების მიზნით შეხვედრა სწორი იქნება.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს ინტერესი არის ერთადერთი, რომ ეს პორტი აშენდეს. ყველა საერთაშორისო დონის ვიზიტებზე ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის. ეს არ არის პირადად მამუკა ხაზარაძის და ინდივიდების ინტერესი. ეს არის მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი და შესაბამისად, მთავრობა ამ პროცესს ხელს უწყობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ დღეს გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მიესალმებიან პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილი იყოს ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. „მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.