თამარ ჩუგოშვილი - ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში
თამარ ჩუგოშვილი - ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში

ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების ფაქტთან დაკავშირებით.

„ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან დადებულ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში. რა მნიშვნელობა აქვს, გაზიარებაზე არის თუ რაზეა. ეს „ტვიტი“ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს ეკუთვნის, მასთან თუ გაქვთ პრეტენზიები, რას „ტვიტავს“ და როგორ, ეს მის ადმინისტრაციას დაუსვით. კითხვებს პასუხები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გასცეს“, – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.