თამარ ალფაიძე - ვეცდები, პარლამენტის დარბაზიც დავამშვიდო, საქართველოს მოქალაქეებიც და კეთილდღეობისკენ წინსვლა ვუსურვო ყველას
თამარ ალფაიძე - ვეცდები, პარლამენტის დარბაზიც დავამშვიდო, საქართველოს მოქალაქეებიც და კეთილდღეობისკენ წინსვლა ვუსურვო ყველას

საქართველოს პარლამენტში შევქმნი პარლამენტის წევრის ეთიკის სტანდარტს, ვიქნები ძალიან შემრიგებელი და ვეცდები, პარლამენტის დარბაზიც დავამშვიდო, საქართველოს მოქალაქეებიც და კეთილდღეობისკენ წინსვლა ვუსურვო ყველას, – ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობის შემდეგ, თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, რომლის შესახებაც ადამიანებმა არ იციან და ხალხს აქვს უფლება, სიმართლე მისგან გაიგოს.

„იმიტომ, რომ გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი და მერე, ბოლომდე ორმოცდაშვიდი; იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ხელისუფლება გამოვიცვალეთ; იმიტომ, რომ ვაკვირდებოდი პროცესს შორიდან; იმიტომ, რომ ვარ სახელმწიფოთმცოდნე, ვარ კონსტიტუციონალისტი და ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც არავინ იცის. არ იცის ხალხმა. ხალხი კი ხელისუფლების წყაროა და მათ აქვთ უფლება, ჩემგან იცოდნენ სიმართლე. მე ვერ მოვითმენდი. ვერც თაობას ჩავხედავდი თვალებში, ვერც კოლეგებს, ვერც მეზობლებს, ვერც ჩემს უბნელებს და ვერც ჩემს თანამოქალაქეებს, რომ არ ვთქვა სიმართლე, რა ხდება სახელმწიფოში“, – განაცხადა ალფაიძემ.

შეკითხვაზე, რა ხდება სახელმწიფოში მისი შეფასებით, თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ ამის თქმას გადადებს და მაშინ იტყვის, როცა საკანონმდებლო ორგანოში ექნება ტრიბუნა.

როგორც ალფაიძემ აღნიშნა, მას აქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, რადგან შეიძლება, ეს რეგულაციები დაგვიანდეს.

„იმიტომ, რომ ტექნოლოგია ძალიან სწრაფ რეჟიმში ვითარდება და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ჯერჯერობით, არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფრის რეგულაცია მოახდინოს. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივები მაქვს ძალიან ბევრი. ეს ამ თექვსმეტთვიან პერიოდში, ანუ, ასე ვთქვათ, ორ სესიაზე ვერ მოესწრება, მაგრამ დასაჩქარებელია. ეს არის კიბერუსაფრთხოების თემები, მობილური ინოვაციების რეგულაციები, ბლოკჩეინის თემატიკა და ა.შ. სხვათა შორის, მივესალმები ელექტრონული არჩევნების ერთ პრეცედენტს მაინც და კარგი იქნებოდა, ელექტრონული არჩევნები ზუსტად ახლა, ამ შუალედურ არჩევნებზე ტესტის სახით მაინც ჩაეტარებინათ, პარალელურ რეჟიმში“, – განაცხადა ალფაიძემ.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მას იმ ამომრჩევლის იმედი და მხარდაჭერა აქვს, ვინც არჩევნებზე ბოლო პერიოდში, უნდობლობის კონკრეტული კოეფიციენტის გამო არ დადის.

თამარ ალფაიძემ ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გამოხატავს თავისუფალ ნებას და თავისუფალ არჩევანს გააკეთებს, რომელიც აზრზე, ცოდნასა და სიტყვაზე იქნება დაფუძნებული.