„თალიბანში“ აცხადებენ, პანჯშირის ხეობაში ყველა რაიონზე კონტროლი დამყარებულია და ბრძოლა ამჟამად პროვინციის დედაქალაქში მიმდინარეობს
„თალიბანში“ აცხადებენ, პანჯშირის ხეობაში ყველა რაიონზე კონტროლი დამყარებულია და ბრძოლა ამჟამად პროვინციის დედაქალაქ ბაზარაკში მიმდინარეობს.
პანჯშირის ხეობის წინააღმდეგობის მოძრაობა თალიბების ინფორმაციას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ რამდენიმე რაიონზე „თალიბანმა“ კონტროლი დაკარგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს.
პანჯშირის ხეობის წინააღმდეგობის მოძრაობის პრესსპიკერის, ფაჰიმ დაშტის განცხადებით, პარიანის რაიონის შესასვლელში 1 000-მდე თალიბი მებრძოლი მოკლეს ან დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი უცხოელი, კერძოდ კი პაკისტანელია.
„თალიბანის“ ინფორმაციით, 4 სექტემბერს მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
პანჯშირის ხეობა ავღანეთში არის ადგილი, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს. ქვეყნის დანარჩენ ნაწილზე თალიბებმა ავღანეთიდან დასავლური კოალიციის გასვლის შემდეგ კონტროლი მოიპოვეს.