„თალიბანმა“ ავღანეთის ბადახშანისა და ყანდაარის პროვინციებში რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა
„თალიბანმა“ ავღანეთის ბადახშანისა და ყანდაარის პროვინციებში რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა

რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის ბადახშანისა და ყანდაარის პროვინციებში რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა.

როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, ავღანეთის არმიის 300-მდე სამხედრო მოსამსახურემ დისლოკაციის ადგილი მიატოვა, საზღვარი გადაკვეთა და ტაჯიკეთში გაიქცა.

თალიბები ამჟამად ავღანეთის 421 რაიონისა და რაიონული ცენტრის მესამედს აკონტროლებენ. ბადახშანის ადგილობრივ საბჭოში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების უმრავლესობამ პოზიციები უბრძოლველად დათმო.

მძიმე ბრძოლის შემდეგ, „თალიბანმა“ ასევე დაიკავა ყანდაარის პროვინციის ცენტრალური პანჯვაის რაიონი, რომელიც „თალიბანის“ ჩამოყალიბების ადგილად მიიჩნევა. ყანდაარის ცენტრალურ რაიონზე ავღანეთის არმიამ კონტროლი ბაგრამის ავიაბაზიდან ამერიკელი სამხედროების გასვლიდან ორ დღეში დაკარგა.