„თალიბანის“ პრესსპიკერი - 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ, გავათავისუფლეთ ქვეყანა და გავაძევეთ უცხოელები
„თალიბანის“ პრესსპიკერი - 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ, გავათავისუფლეთ ქვეყანა და გავაძევეთ უცხოელები

20-წლიანი ბრძოლის შემდეგ, გავათავისუფლეთ ქვეყანა და გავაძევეთ უცხოელები, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდიმ. „ბიბისის“ ცნობით, მან ამის შესახებ ისაუბრა ​პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც ავღანეთში თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გაიმართა.

ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, თალიბებს „მოუწიათ ქაბულში შესვლა, რადგან ავღანეთის ხელისუფლება არაკომპეტენტური აღმოჩნდა და დედაქალაქში უსაფრთხოებას ვერ იცავდა“.

„ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ავღანეთი აღარ იყოს კონფლიქტის ზონა. შევიწყალეთ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. მტრობა უნდა დასრულდეს. არ გვსურს შიდა და გარე მტრები; არ გვსურს ქაოსის ხილვა ქაბულში. ჩვენი გეგმა იყო, გავჩერებულიყავით ქაბულის შესასვლელში, რათა ძალაუფლების გადაცემა მომხდარიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, წინა მთავრობა იყო ისეთი არაკომპეტენტური, რომ მათი უსაფრთხოების ძალები ვერ ახერხებდნენ უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ რამე უნდა მოგვემოქმედებინა. მოგვიწია ქაბულში შესვლა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

მან ასევე ისაუბრა ქალების უფლებებზე და განაცხადა, რომ ავღანეთში „ქალების უფლებები დაცული იქნება შარიათის სისტემის მიხედვით“.

„მინდა, დავარწმუნო საერთაშორისო საზოგადოება, რომ არავინ დაშავდება. ჩვენ არ გვსურს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებასთან. უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი რელიგიური პრინციპების მიხევდით. სხვა ქვეყნებს განსხვავებული მიდგომა აქვთ. ავღანელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი წესები და რეგულაციები, რომელიც მათ ღირებულებებს ეფუძნება. დავიცვათ ქალების უფლებებს შარიათის სისტემის მიხედვით, ისინი იმუშავებენ ჩვენთან მხარდამხარ. გვინდა, დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, „თალიბანი“ მისცემს უფლებას ქალებს, იმუშაონ და ისწავლონ „თალიბანის ჩარჩოში“.

„ქალები იქნებიან აქტიური ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ჩარჩოში“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კერძო მედიას ექნება საშუალება, ფუნქციონირება განაგრძოს, თუმცა ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ისლამურ ღირებულებებს.

„თქვენ, მედიამ, უნდა გაამახვილოთ ყურადღება ჩვენს შეცდომებზე, რათა ჩვენ ვემსახუროთ ხალხს. თუმცა მედიამ არ უნდა იმუშავოს ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

ზაბიულა მუჯაჰიდმა ასევე ისაუბრა უცხოელებზე, მომუშავე ავღანელებზე და თქვა, რომ „თალიბანი“ არავის დაკითხვას არ აპირებს.

„არავინ დააკაკუნებს მათ კარზე და არ კითხავს მათ, ვისთან მუშაობდნენ. არავის დაკითხავენ და დევნიან. თუმცა, ჩვენ არ გვსურს რომ ახალგაზრდებმა, ვინც აქ გაიზრდა, დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, მოძრაობა ახლა მუშაობს მთავრობის ჩამოყალიბებაზე.

„როდესაც მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ გადავწყვეტთ, რა კანონები შევთავაზოთ ხალხს“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.