„თალიბანის“ მტკიცებით, დაჯგუფება ავღანეთის 85 პროცენტს აკონტროლებს
„თალიბანის“ მტკიცებით, დაჯგუფება ავღანეთის 85 პროცენტს აკონტროლებს

„როიტერის“ ცნობით, მოსკოვში მყოფი „თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისლამისტურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ უკვე ავღანეთის 85 პროცენტზე დაამყარა კონტროლი. ავღანეთის მთავრობა კი, ამას უარყოფს და ამბობს, რომ „თალიბანის“ განცხადება მათი პროპაგანდის ნაწილია.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გასულ დღეს თალიბებმა ჰერათის პროვინციაში შიიტი მუსლიმებით დასახლებული რაიონები დაიკავეს. გარდა ამისა, მათ თურქმენეთის საზღვართან მდებარე ქალაქ თორღუნდიზეც დაამყარეს კონტროლი.

„თალიბანის“ სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ასობით ავღანელი სამხედრო ცდილობს ქვეყნის დატოვებას. გასულ კვირას ათასზე მეტმა ჯარისკაცმა გადაკვეთა ირანისა და ტაჯიკეთის საზღვარი, რასაც ტაჯიკეთის ხელისუფლების მხრიდან ავღანეთის საზღვართან ათასობით რეზერვისტის მობილიზება მოჰყვა.

აღნიშნულის გამო შეშფოთება გამოთქვა რუსეთმა, თუმცა „თალიბანის“ წარმომადგენლის თქმით, საკუთარ ძალებს მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ და ასევე, არ დაუშვებენ ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერირებას.

დაჯგუფება „თალიბანის“ წარმატების ფონზე, იზრდება საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება, რადგან რთულდება მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლის ინფორმაციით, 18.4 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, მათგან 3.1 მილიონი ბავშვი კი, შიმშილის ზღვარზე იმყოფება.

დაჯგუფება „თალიბანის“ გააქტიურება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილებამ გამოიწვია. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ჯარის საბოლოო გამოყვანის თარიღად მიმდინარე წლის 11 სექტემბერი დასახელდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ თარიღად 31 აგვისტო დაადგინა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ჯარებმა უკვე დატოვეს „ბაგრამის“ ავიაბაზა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარების ძირითადი განთავსების ადგილი.