თალეს ფეიტოსა - ესპანეთის დიდ გუნდთან თამაშს არ ვუშინდებით #1TVSPORT
თალეს ფეიტოსა - ესპანეთის დიდ გუნდთან თამაშს არ ვუშინდებით #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა თალეს ფეიტოსამ ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი გუნდი დღეს, 29 იანვარს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

„გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია. ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი-ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის. ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში და გამორჩეულია შემადგენლობის მხრივაც. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“, – ამბობს თალეს ფეიტოსა, რომელიც 2 გოლით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

შოთა თოფურია: „ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება იყო. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს“.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას ესპანეთის ნაკრებთან გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ გამართავს – საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკვე გასულია და ჯგუფში პირველ ადგილს ქულის მოპოვების შემთხვევაშიც დაიკავებს. საქართველო-ესპანეთის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:30-ზე შემოგთავაზებთ.