თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საძაგელი გამოწვევაა
თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საძაგელი გამოწვევაა

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საძაგელი გამოწვევაა ხელისუფლების მხრიდან, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ეს გამოწვევა ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.

„უკადრებელი საქციელია. ჯერ ერთი, ეს უხერხულია ხალხთან, ვინც პირველ დღეს გამოვიდა და გააპროტესტა გავრილოვის ჩაჯდომა სავარძელში. უხერხული არის იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ამდენი ხანი იდგნენ და აპროტესტებდნენ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვგონია, გახარიას მაგივრად მახარია რომ მოვიდეს, რამე შეიცვლება. ივანიშვილის ხელში ყველა ერთნაირი მარიონეტია. მაგრამ გახარიას გვარს და სახელს კიდევ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ეს არის გამოწვევა. პირადაპირ უკავშირდება ეს ადამიანი ახალგაზრდების თვალების დათხრას.

ამიტომ, ეს არის წარმოუდგენელი გამოწვევა საზოგადოებისადმი. რა თქმა უნდა, დღეს გაერთიანებული ოპოზიცია აქ დგას და საღამოს ვთავაზობთ, რომ უბრალოდ, გავაპროტესტოთ. ვისაც რაღაც პროვოკაციისკენ აქვს ყურები და თვალები მომართული. გავაპროტესტოთ, უხერხულია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ არ გააპროტესტოს სრულიად მიუღებელი სამარცხვინო კანდიდატის გაპრემიერება.

ეს პროტესტი რა თქმა უნდა გამოიღებს შედეგს. ჩვენ იმას შევეგუოთ, რომ ოლიგარქი მოაჯდა და პუტინის გზით მიდის საქართველო?! უფსკრულისკენ მიდის, არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები აღარ არსებობს. კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს. წარმოუდგენელი სიტუაციაა. ამიტომ, გავაპროტესტოთ ჩვენ გახარიას დანიშვნა და უპირველესად, გავაპროტესტოთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. თევზი თავიდან ყარს. ჩვენ გამოწვევა გახარიამ კი არა, ივანიშვილმა გვესროლა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.