თაკო ჩარკვიანი - გიგა ბოკერიას პარტია პრაქტიკულად განულებულია, ბოკერიას არ უჭირავს ხელში მანდატი
თაკო ჩარკვიანი - გიგა ბოკერიას პარტია პრაქტიკულად განულებულია, ბოკერიას არ უჭირავს ხელში მანდატი

გიგა ბოკერიას პარტია პრაქტიკულად განულებულია, ბოკერიას არ უჭირავს ხელში მანდატი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჩარკვიანმა ასევე ისაუბრა ნინო ბურჯანაძის შესახებ და აღნიშნა, რომ არ უნდა, „კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი“ ძალიან აქტიურობდეს.

„აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ ვერ აიღო მანდატი და არც ბოკერიას უჭირავს მანდატი ხელში. მანდატი დავდეთ ჩვენ, ვინც ავიღეთ და სწორად მოვიქეცით, რადგანაც ძალიან აღვირახსნილია ხელისუფლება. მაგრამ ახლა ესენი, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით რუსული ვექტორი, ძალიან სარგებლობს იმით, რომ ჩვენ ვთქვით გაერთიანება. ახლა ხალხს თუ დაანახე, რომ გამოვდივარ, ძალიან გულწრფელად ვეუბნები ღარიბაშვილს, მე ოპოზიციაში წავედი. ღარიბაშვილს რომ ვეუბნები, შენ რუსეთი ხარ, მე პირნათელი მინდა, ვიყო და აქეთ ახლა კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი მეჯდეს და ძალიან მენტორული ტონით და ძალიან აქტიურობდეს. უკაცრავად, მაგრამ ეს თამაში არ არის და თუ ვინმე თამაშობს 30 წელია, იმიტომ ვართ წუმპეში ქვეყანა.

და საერთოდ, ვამბობ, სისულელეა ის, რომ ახლა ამის დრო არ არის; ახლა არის ზუსტად დრო, ზუსტად ახლა არის დრო. პოლიტიკას თავისი დრო აქვს. აბა მერე როდის, რომ მოვა უკვე და სიაში რომ გამოგვეცხადება რუსული ვექტორი? როგორ გეკადრებათ, როგორ შეიძლება, ასეთი ღირებულებების აღრევა, აზელვა და გადაფასება. სირცხვილი არ არის, ხალხი ასე იბრძვის, პოლიტპატიმრები გვყავს და რა დღეში ვართ. მე კიდევ ვიმეორებ, ზომა-წონა აქვს ყველაფერს, რაღაცა ოქროს შუალედი არსებობს, რაღაც რიდი და მოკრძალება იქონიოს ახლა, ესე როგორ შეიძლება მართლა და მართლა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.