თაკო ჩარკვიანი - 30 ოქტომბრამდე ამ ვითარებაში ვარ, ხმას ვაძლევ კოალიციურ ერთობას და დანარჩენზე უბრალოდ, არ ვსაუბრობ
თაკო ჩარკვიანი - 30 ოქტომბრამდე ამ ვითარებაში ვარ, ხმას ვაძლევ კოალიციურ ერთობას და დანარჩენზე უბრალოდ, არ ვსაუბრობ

ჩემი შენიშვნები ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობასაც უკავშირდება და სტრატეგიასაც, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგრამ ახლა, თამამად ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, უპირობოდ ვემხრობი ნიკა მელიას წარდგენილ კოალიციას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რამდენად მართებული იქნება, განიხილონ ე.წ რევოლუციური სცენარი, რადგან მმართველი გუნდი ხშირად აცხადებს, რომ ოპოზიცია ქაოსისთვის, დესტაბილიზაციისთვის და რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციას რომ რევოლუციური სცენარი სდომოდა, იმდენ ხალხს, რომელიც აქციაზე მივიდა, სახლში არ გაუშვებდნენ.

„ხომ მართალი ვარ? ობიექტურად ასეა, ხომ? მაშასადამე, არ იყო ეს გეგმა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა აქციის შემდეგ ამ ხალხის სახლში გაშვებას შეცდომად, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ სურს.

„არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. მე საერთოდ სხვა გეგმა წარმომედგინა. არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც რევოლუციური სცენარი იყოს. მე სრულიად სხვა რაღაც გეგმა მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის კოალიცია, ეს არის უმრავლესობა და შენ, ასე ვთქვათ, იმ კონსულტაციების დროს ხარ უმცირესობაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეძლებს ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თანამშრომლობას კოალიციური მთავრობა იმის გათვალისწინებით, რომ მასში ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვის პარტიაა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას კოალიციის შემადგენლობასთან შენიშვნები აქვს, თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც ერთ მხარეს არის კოალიცია, ხოლო მეორე მხარეს ჯოჯოხეთური ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ხმას კოალიციურ ოპოზიციურ ერთობას აძლევს.

შეკითხვაზე, რა ბერკეტი არსებობს და როგორ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის გამარჯვებამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რის შესახებაც აქციაზეც ითქვა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ახლა ამაზე არ ისაუბრებს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, საზოგადოება მისგან სრულიად სხვა რიტორიკას მოისმენს.

„აი, ამ ბერკეტზე, 30 რომ დადგება, მე პირადად, პირობას გაძლევთ, თქვენ ეთერში თაკო ჩარკვიანისგან სრულიად სხვა რიტორიკას მოისმენთ. ახლა, 30-მდე, აი, ამ ვითარებაში ვარ – ხმას ვაძლევ კოალიციურ ერთობას და დანარჩენზე უბრალოდ, არ ვსაუბრობ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ ახლა, ოპოზიციური კოალიცია ერთიანია, ხოლო დანარჩენი 30 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება და დალაგდება.

„ახლა, ოცდაათისთვის ნამდვილად ორი ფრთა იბრძვის და მესამეს ვერავის ვხედავ, გულწრფელად გითხრათ. იმიტომ, რომ ჩემთვის გახარია ოპოზიცია არ არის. მინდა, გითხრათ, ეს ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნია, ასე ვთქვათ, სათადარიგოდ შექმნილი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე მუშაობს რუსეთზე და რუსეთზე რომ მუშაობს, ეს ფაქტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.