ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ყირგიზი მესაზღვრე, 10-მდე ადამიანი კი დაშავდა. ინციდენტი სოფელ მაკსატის რაიონში მოხდა, სადაც საზღვარი, არსებული ინფორმაციით, საფეხბურთო მოედანზე გადის.

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

როგორც ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, ინციდენტის დაწყების მიზეზი ტაჯიკეთის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მშენებლობის დაწყება გახდა. თავის მხრივ, ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ყირგიზულმა მხარემ სპორტული მოედნის ტერიტორიაზე დაუდგენელი ნაგებობის აღმართვა დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი ნაღმმტყორცნიდან გახსნეს. დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ორივე ქვეყანა ავრცელებს. ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, მათ შორის ექვსი სამხედროა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს.

ივლისში ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარების დაძაბულობის გამო ყირგიზეთის სოფელ აკსაიდან 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შეიარაღებული დაპირისპირების დროს მაშინ დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს 970 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, თუმცა აქედან შეთანხმებული დაახლოებით 519 კილომეტრია.