ტაჯიკეთის პრეზიდენტი ადგილობრივ ფერმერებს რამადანის გადავადებისკენ მოუწოდებს
ტაჯიკეთის პრეზიდენტი ადგილობრივ ფერმერებს რამადანის გადავადებისკენ მოუწოდებს

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა ქვეყნის ფერმერებს მოუწოდა, რამადანის მარხვა დროებით გადადონ, რათა პანდემიას რაც შეიძლება ჯანმრთელები და პროდუქტიულები შეხვდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მუსლიმური სამყაროსთვის რამადანის მარხვა დღეს იწყება, თუმცა, ემომალი რახმონის თქმით, მათ, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია მარხვის დაცვა, შეუძლია მარხვა გადაავადოს.

ტაჯიკეთის ლიდერის განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე საკვების მარაგის უსაფრთხოდ შექმნა და შენარჩუნება საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ფერმერებმა რამადანის მარხვა მცირე ხნით გადადონ.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც მუშაობს მიწაზე, თავად მათი და მათივე ოჯახების ჯანმრთელობისთვის, შემოსავლის უზრუნველყოფისთვის, სხვა, უფრო შესაფერის დროს იმარხულონ“, – განცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

ტაჯიკეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ჩაკეტილია საზღვრები და ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად სხვადასხვა ზომა უკვე მოქმედებს, მათ შორის, დაკეტილია მეჩეთებიც.

„როიტერის“ ცნობით, ტაჯიკეთს ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტის ექსპორტით შემოტანა უწევს. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით აუცილებელი მარაგის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.