ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს
ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს

ავღანეთთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა 20 ათასი რეზერვისტის მობილიზების განკარგულება გასცა, რაც ათასზე მეტმა ავღანელმა გადაკვეთა საზღვარი, ქვეყანაში „თალიბანის“ გააქტიურების ფონზე.

ავღანეთიდან კოალიციური ძალების გასვლისა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „თალიბანის“ პოზიციების გაძლიერების ფონზე, ავღანეთი ასობით ავღანელმა სამხედრომ დატოვა. თალიბებმა ტაჯიკეთთან და ჩინეთთან მოსაზღვრე ბადახშანის პროვინციის ექვსი საკვანძო რაიონი დაიკავეს. ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ტაჯიკეთის ნებართვით ქვეყანაში 1 037 ავღანელი სამხედრო გადავიდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტაჯიკეთი განიხილავს ბანაკების მოწყობის შესაძლებლობას ავღანეთიდან ლტოლვილების შესაძლო ნაკადის მისაღებად.

რეგიონში შექმნილი სიტუაციის მოკავშირეებთან განსახილველად ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა არაერთი საერთაშორისო ზარი განახორციელა, მათ შორის, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

შექმნილი ვითარება რახმონმა 4 ივლისს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ტელეფონით განიხილა. ტაჯიკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რახმონმა შეშფოთება გამოთქმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრების მიერ საზღვრის იძულებითი კვეთის გამო. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ასევე უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერებთან და არსებული სიტუაციის განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.