ტაისონ ფიურის მამამ დანა უაიტი გააკრიტიკა და ბრძოლაში გამოიწვია (ვიდეო)

ტაისონ ფიურიმ მომავალში შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობა დააანონსა. პროფესიონალმა მოკრივემ რინგზე ჯერ კიდევ კონტრაქტით გათვალისწინებული 3 ბრძოლა უნდა გამართოს, რის შემდეგაც ოქტაგონზე გამოსაჩენად დაიწყებს მზადებას.

ამ ინფორმაციას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა უაიტი გამოეხმაურა. „ტი ემ ზისთან” (TMZ) მიცემულ ინტერვიუში დანამ გაკვირვება გამოთქვა ფიურის სურვილთან დაკავშირებით. „მას შესანიშნავი კარიერა აქვს კრივში. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ოქტაგონზე გამოჩენა და თავის დაზიანება. ფიურიმ საკმაოდ მძიმე ბოლო ბრძოლა გამართა კრივში. შერეულ ორთაბრძოლებში მოსვლა სულ სხვა ამბავია. რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მე ეს ამბავი ძალიან მიკვირს“, – განაცხადა უაიტმა.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტის ეს ინტერვიუ ძალიან არ მოეწონა ტაისონ ფიურის მამას. ჯონ ფიურიმ უაიტი მკაცრად გააკრიტიკა და ის ბრძოლაშიც კი გამოიწვია.