ტაისონ ფიურის მაკგრეგორისა და მეივეზერის განმეორებითი ბრძოლის ხილვა სურს
ტაისონ ფიურის მაკგრეგორისა და მეივეზერის განმეორებითი ბრძოლის ხილვა სურს

კრივის მძიმეწონოსანი ვარსკვლავი ტაისონ ფიური სიამოვნებით იხილავდა კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის რემატჩს.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ დოლანდ სერონე 40 წამში დაამარცხა და ამჟამად თავის მომდევნო მეტოქის მოლოდინშია. დიდი ალბათობით, მაკგრეგორი მომდევნო ბრძოლას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (ufc) რომელიმე წარმომადგენელთან გამართავს. სავარაუდო მეტოქეებად ნეიტ დიაზი, ჯასტინ გეტჯი, ხორხე მასვიდალი და კამარუ უსმანი სახელდებიან. ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა ვაიტი ასევე აქტიურად საუბრობს კონორისა და ხაბიბ ნურმაგომედობის განმეორებით ბრძოლაზე. თუმცა ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ირლანდიელი კრივის რინგს დაუბრუნდეს და ფლოიდ მეივეზერთან განმეორებითი ბრძოლა ჩაატაროს. შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება 2017 წლის აგვისტოში ფლოიდის გამარჯვებით დასრულდა.

„ესპნ-სთან“ (ESPN) მიცემულ ინტერვიუში ტაისონ ფიურიმ კონორ მაკგრეგორს ოქტაგონზე დაბრუნება მიულოცა. მანჩესტერელმა მოკრივემ მოიწონა იდეა, რომ კონორმა კვლავ სცადოს ბედი კრივში.

„თუ მას სურს კრივში კვლავ გამოჩენა, თუ მას ეს ნამდვილად სურს მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთოს. მე მისი პირველი ბრძოლა მეივეზერთან ძალიან მომეწონა. მან ამოცანას თავი საკმაოდ კარგად გაართვა. ეს ბრძოლა ძალიან კარგი იქნება როგორც კრივის პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის. გარდა ამისა ეს ყველაფერი უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული“.