ტაისონ ფიურიმ ორ რაუნდში მოუგო შვარცს (ვიდეო)
ტაისონ ფიურიმ ორ რაუნდში მოუგო შვარცს (ვიდეო)

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ იოლად მოიგო ლას ვეგასში გამართული ბრძოლა ნაკლებად ცნობილ გერმანელთან ტომ შვარცთან.

პირველ რაუნდში შვარცი ცდილობდა პირველ ნომრად ემოქმედა, მაგრამ თითქმის ვერ ახვედრებდა ზუსტად მიზანში. ამ მხრივ, ფიური გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და კარგად გამოსდიოდა როგორც ჯები, ასევე მარჯვნიდან დარტყმა.

მეორე რაუნდში ბრიტანელმა შოუს მოწყობა გადაწყვიტა – ხშირად ცვლიდა დგომს, კორპუსით იცავდა თავს მეტოქის დარტყმებისგან, შემდეგ კი ბრძოლა დაასრულა. შვარცმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა და ნოკდაუნში აღმოჩნდა – სისხლიანი სახით რინგზე ცალი მუხლით დაიჩოქა. რეფერიმ მას 10 წამი დაუთვალა, მაგრამ მისცა ბრძოლის გაგრძელების საშუალება. თუმცა, გერმანელს უკვე აღარაფერი შეეძლო – უბრალოდ, იდგა რინგის კუთხეში და ითმენდა ფიურის დარტყმებს იქამდე, სანამ რეფერიმ ბრძოლა არ გააჩერა.

ტაისონ ფიურიმ კარიერაში 28-ე (20 ნოკაუტით) გამარჯვება მოიპოვა. მას, აგრეთვე, ერთი ფრე აქვს და არც ერთი წაგება. შვარცმა კარიერაში პირველად წააგო 24 მოგების (16 ნოკაუტით) შემდეგ.