ტაისონ ფიურიმ ნოკაუტით მოიგო და WBC-ის ტიტული დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ ნოკაუტით მოიგო და WBC-ის ტიტული დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა საჩემპიონო ორთაბრძოლა, რომელშიც WBC-ის ქამარს იცავდა ბრიტანელი ტაისონ ფიური. მისი მეტოქე იყო თანამემამულე დილიან უაიტი.

პირველი რაუნდი დაზვერვითი იყო. მეტოქეებმა ჯებები გაცვალეს, თუმცა ეს დარტყმები რეალურ ხიფათს არ შეიცავდა. მოკრივეებს დისტანცია ეჭირათ და საშუალო ტემპში ჩაატარეს საწყისი სამი წუთი. მეორე რაუნდი უაიტის აგრესიული მოქმედებებით დაიწყო, მაგრამ მისი დარტყმები მიზანს ვერ აწევდა. გონგამდე დილიანმა კიდევ ერთხელ მოიქნია ხელი, მაგრამ ისევ არა ზუსტად. თავად ფიური მსუბუქი დარტყმებით მეტოქის ნერვებზე მოქმედებდა.

მესამე რაუნდში მოკრივეები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს რინგზე: ფიურის რამდენიმე კროსმა მიზანს მიაღწია, კომბინაციებსაც მიმართა და კლინჩში შესვლასაც არ ერიდებოდა. უაიტი კი აქცენტს ისევ ერთ ზუსტ დარტყმაზე აკეთებდა, მაგრამ მისი ყოველი მოქნეული ხელი ტაისონის სახეს ცდებოდა. მეოთხე რაუნდისთვის აშკარად გამოჩნდა ფიურის ფსიქოლოგიური უპირატესობა. უაიტი მეტოქისკენ მიიწევდა, ფიური კი შესანიშნავად იცავდა თავს. ეს რაუნდი საკმაოდ ნერვული გამოვიდა და ფიურიმ გადაწყვიტა მეხუთე სამწუთეულში დაეწყნარებინა სიტუაცია. მას უაიტი დისტანციაზე ჰყავდა, ჯებებს ურტყამდა და შეტევებს იცილებდა.

იგივე სტილში დაიწყო მეექვსე რაუნდი. უაიტი დრო და დრო წინ მიდიოდა ერთი ძლიერი დარტყმის იმედად, მაგრამ ნოკაუტში სწორედ ის აღმოჩნდა. მეექვსე რაუნდის ბოლოს, დილიანმა აპერკოტი მიიღო და რინგზე დაეცა. მან წამოდგომა სცადა, მაგრამ მსაჯმა არ მისცა ბრძოლის გაგრძელების საშუალება.

ტაისონ ფიურისთვის ეს იყო WBC-ის საჩემპიონო ტიტულის მეორე წარმატებული დაცვა. მან 2020 წლის თებერვალში ამერიკელი დეონტეი უაილდერის დამარცხებით მოიპოვა ეს ტიტული და 2021 წლის ოქტომბერში მასთან ბრძოლაში დაიცვა.