ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„მივესალმები ყველას. ვიტყვი მოკლედ და მკაფიოდ. მინდა, გამოვაცხადო კრივიდან წასვლის შესახებ. ეს იყო ბრწყინვალე, ვტკბებოდი თითოეული წუთით. მინდა, ამით დავამთავრო. ყველას ღმერთი გფარავდეთ, შევხვდებით სხვა ცხოვრებაში“, – განაცხადა ფიურიმ ვიდეომიმართვაში.
36 წლის მძიმეწონოსანმა პროფესიულ რინგზე 37 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 34, ორჯერ დამარცხდა და ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა. ბოლო ორ ბრძოლაში მან უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან ქულებით წააგო.
ფიური მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია WBC-ის (2020-2024), IBF-ის (2015), WBA Super-ის (2015-2016), WBO-ს (2015-2016), IBO-სა (2015-2016) და ჟურნალ The Ring-ის (2015-2018; 2020-2022) ვერსიებით.