ტაისონ ფიურიმ დერეკ ჩისორა მესამედ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ დერეკ ჩისორა მესამედ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, „ტოტენჰემის“ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა კრივის საღამო, რომლის მთავარი ბრძოლა იყო ორი ბრიტანელი მძიმეწონოსნის – დერეკ ჩისორასა და ტაისონ ფიურის დაპირისპირება.

ეს ამ მოკრივეთა უკვე მესამე ორთაბრძოლა იყო. წინა ორი ფიურის ჰქონდა მოგებული.

ფიური პირველი რაუნდიდან დომინირებდა რინგზე. ის უამრავ ზუსტ დარტყმას ასრულებდა და შესაძლებლობა ჰქონდა ორთაბრძოლა უკვე პირველ რაუნდში დაემთავრებინა.

ეს დომინირება მთელი ბრძოლის განმავლობაში გაგრძელდა, 38 წლის ჩისორა კი უბრალოდ რინგზე იდგა და უყურებდა იმას, როგორ ურტყამდნენ პრაქტიკულად პაუზის გარეშე. ფიურის მიმართულებით თითო რაუნდში მაქსიმუმ ორი დარტყმა ხორციელდებოდა და ისიც არაზუსტი.

მიუხედავად ამისა, ჩისორამ 10 რაუნდი გაძლო, რის შემდეგაც რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტა არჩია. ასე რომ, ეს ტრილოგია მთლიანად 34 წლის ფიურის სასარგებლოდ დასრულდა.