ტაისონ ფიური - დეონტეი უაილდერი ჭკუიდან შეიშალა
ტაისონ ფიური - დეონტეი უაილდერი ჭკუიდან შეიშალა

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ კომენტარი გაუკეთა თავისი ყოფილი მეტოქის, ამერიკელი დეონტეი უაილდერის სიტყვებს იმის შესახებ, თითქოს ფიურიმ მათი ბოლო ბრძოლის წინ, თავის ხელთათმანებში რაღაც სიმძიმე ჩადო.

უაილდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ყოფილი მწვრთნელი მარკ ბრელანდი და რეფერი კენი ბეილისი ბრიტანელი მოკრივის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

„ვფიქრობ, დეონტეი უაილდერი ჭკუიდან შეიშალა. თავიდან მან წაგება საკუთარ კოსტუმს დააბრალა, რომლითაც ის რინგზე გამოვიდა, შემდეგ ბიცეპსის ტრავმას, ბოლოს კი მწვრთნელს. მოგვიანებით, მან რეფერიც დაადანაშაულა, შემდეგ კი თქვა, რომ მე თითქოს ხელთათმანებში რაღაც სიმძიმე მოვათავსე. დღეს კი ამბობს, რომ ვიღაცამ მისი წყალი მოწამლა“, – თქვა ფიურიმ.

ბრიტანელმა ასევე განმარტა, თუ რატომ თქვა უარი უაილდერთან მესამე ბრძოლაზე.

„თავდაპირველი თარიღი იყო 18 ივლისი. ბრძოლა გააუქმეს იმის გამო, რომ მან ტრავმა მიიღო. თარიღი სამი თვით გადაწიეს და ოქტომბერზე მოილაპარაკეს. და ისევ არაფერი გამოვიდა. შემდეგ მათ ჰქონდათ სამი ვარიანტი დეკემბერში – 5, 12 ან 19 დეკემბერი. მე სამივე თარიღზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ ბრძოლა ისევ არ შედგა. არ ვაპირებ სამუდამოდ ლოდინს“, – განაცხადა ბრიტანელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში გაიმართა და ფრედ დასრულდა. მეორე ორთაბრძოლა, 2020 წლის თებერვალში, ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.