ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა ორი ბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ
ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა ორი ბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ

პრომოუტერი ედი ჰერნი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა სიტყვიერად ერთმანეთს ორი ბრძოლის ჩატარებაზე შეუთანხმდნენ.

ტაისონ ფიურიმ ცოტა ხნის წინ დეონტე ვაელდერი დაამარცხა და ამჟამად WBC და Lineal ვერსიით ჩემპიონის ტიტულებს ფლობს. „სკაი სპორტთან“ (Sky Sports) მიცემულ ინტერვიუში ედი ჰერნმა ფიურისა და ჯოშუას შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებულად. რა თქმა უნდა, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ამჟამად, შესაძლო თარიღებსა და ლოკაციებს განვიხილავთ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ფიური და ჯოშუა ბრძოლაზე თანახმა არიან და მნიშვნელოვან საკითხებზე ფაქტობრივად უკვე შეთანხმდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, მოკრივეებს ერთმანეთში ორი ბრძოლის გამართვა სურთ“, – აცხადებს ჰერნი.

ჰერნს სჯერა, რომ პირველი ბრძოლა ამ ორ გამორჩეულ მოკრივეს შორის 2021 წელს შედგება. ეს ჯოშუას საშუალებას აძლევს, რომ მანამდე დილიან ვაიტს ებრძოლოს, ხოლო ფიურიმ მესამე დაპირისპირება ჩაატაროს დეონტე ვაელდერთან.