ბრიტანული გამოცემა მირორისთვის (Mirror) ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რომელსაც სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური მიიღებს კრივის საერთაშორისო საბჭოს (WBC) ჩემპიონის, დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ მატჩ-რევანშისთვის. ბრძოლა 18 მაისს, ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში უნდა გაიმართოს და ფიური 26 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ მოკრივეები ერთმანეთს 2018 წლის დეკემბერში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელი ორჯერ მოხვდა ნოკდაუნში. ფიურიმ ადრე განაცხადა, რომ ცხრა მილიონი დოლარი, რომელიც მან ამ ბრძოლისთვის მიიღო, ქველმოქმედებას მოახმარა.