ტაიმაუტის ექსკლუზივი | ვიქტორ სანიკიძე - ევრობასკეტის ჯგუფური მატჩების თბილისში გამართვას საშიშროება არ ემუქრება [ვიდეო] #1TVSPORT

11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს, რომელიც საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო. ვიქტორმა სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ევრობასკეტისთვის მშენებარე დარბაზზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა თბილისში სტუმრობისას უკმაყოფილება გამოთქვა დარბაზის მშენებლობის ტემპით.

„დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა ვნებათაღელვა გამოიწვია. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ახალ დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იმ დროისთვის არენის მოწყობა ვერ ესწრება. გეტყვით, რომ ევრობასკეტის ჯგუფური მატჩების თბილისში გამართვას საშიშროება არ ემუქრება – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი და იმ დროისთვის ახალი დარბაზი მწყობრში იქნება. ამ პროცესში უშუალოდ პრემიერიც ჩართულია და ყველა შესაბამისი სტრუქტურაა მობილიზებული“.

ვიქტორ სანიკიძემ სახელმწიფოს მხარდაჭერაზეც ილაპარაკა, რომლის მიხედვით კალათბურთის ფედერაცია სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის 100 მილიონ ლარს მიიღებს. მნიშვნელოვანი თანხები ჩაიდება ბავშვთა კალათბურთის განვითარებაში:

„პრიორიტეტი მასობრიობაა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული კალათბურთში. ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონებს. ზოგგან ინფრასტრუქტურას ხელის შევლება სჭირდება, ზოგგან საერთოდ არ არის… ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, უნდა შევუქმნათ პირობები, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშონ. სუპერლიგის გაძლიერება კი პირდაპირ კავშირშია ნაკრების წარმატებებთან.

რამდენიმე წლის წინ, ნაკრებში რომ ვთამაშობდი, ზაფხულში ვიკრიბებოდით ყველა შეხვედრა საკლუბო სეზონის დაწყებამდე ესწრებოდა. გუნდებში ევროლიგისა და NBA-ის კალათბურთელები ჩამოდიოდნენ. ახლა ნაკრებში არც ამერიკიდან უშვებენ და არც ევროლიგის კალათბურთელებს. შესაბამისად, დიდი დატვირთვა საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებზე მოდის. მათი დონის ასამაღლებლად კი აუცილებელია შეიქმნას რამდენიმე გუნდი, რომლებიც ევროტურნირებზე რეგულარულად იასპარეზებენ“.

კალათბურთის ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნაკრების მომავალზეც ისაუბრა:

„ოპტიმალური შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ძალიან შორს შეუძლია წავიდეს. პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. მთავარია, კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვდნენ. მოთამაშეებთან ერთად ჩვენც ყველაფერს ვიღონებთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“.