ტაიმაუტის ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - ევროპაში ფეხბურთი ისე განვითარდა, მეტი სისწრაფე, ათლეტურობა და დისციპლინაა საჭირო #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - ევროპაში ფეხბურთი ისე განვითარდა, მეტი სისწრაფე, ათლეტურობა და დისციპლინაა საჭირო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ვილი სანიოლის რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებამდე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ ვითარებასა და საკუთარ მიდგომებზე ილაპარაკა.

„ზოგიერთი გონებით სხვაგანაა

პირველ მატჩებამდე ნაკრებში მხოლოდ 6 დღე ვიმუშავე და სრული წარმოდგენის შექმნა რთული იყო, მაგრამ პირველმა მატჩებმა აჩვენა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ივნისში გასამართი მატჩებისგან იმავეს ველი, რასაც შემოდგომაზე ოფიციალური შეხვედრებისგან. ახლა რთული შეკრება გვაქვს, რადგან ბევრმა ფეხბურთელმა სეზონი ახლახანს დაასრულა. ვერ ვიტყვი, რომ მოტივირებულები არ არიან – მათთვის ნაკრებში თამაში დიდი სტიმულია, მაგრამ ხანდახან ზოგიერთი ფეხბურთელი გონებით სხვაგანაა. მათ დასვენება სჭირდებათ და ეს ნორმალურია. პირველი ვარჯიშები ინტენსიური იყო და ამის გამო რთული გამოვიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მიდის და რაც უნდა მოხდეს, რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით.

გიორბელიძე, ჩაბრაძე და კონკურენცია

შესაძლოა, ბევრისთვის გიორბელიძე სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემთვის და ბევრისთვის, ვინც ფეხბურთი იცის, გასაკვირი არაფერი გახლდათ. შესაძლოა, გურამი თავიდან კლუბში ბევრს არ თამაშობდა, მაგრამ როდესაც დროს იღებდა, მუდმივად დადებით დამოკიდებულებას და თავდადებას ავლენდა. შეგვიძლია ჩაბრაძეზეც ვუსაუბროთ, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატიდან იცნობენ, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მისი გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. შვედეთში ორივე მათგანმა თავი კარგად გამოავლინა. ნაკრების გაძლიერება თუ გვსურს, ამისთვის კონკურენციის გაზრდაა საჭირო, რადგან ეს გუნდს ზრდის – ფეხბურთელები გუნდში ადგილისთვის იბრძვიან და ეს პირადად ჩემთვისაც ძალიან კარგია.

მეტი სისწრაფე, ათლეტურობა და დისციპლინა

ბედნიერი ვარ, თუ ხალხმა საქართველოს ნაკრების თამაშში რაღაც სიახლე თუ დაინახა. კარგია, როდესაც გულშემატკივარი კმაყოფილი და იმედით აღსავსეა. თავად ასე შორს არ ვიყურები. მარტში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, რაც არც ისე კარგია – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ფეხბურთელებმა მოედანზე გამოავლინეს. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ და მოთამაშეებს კარგად ესმით, მათგან მოედანზე რას ველი. ბოლო 4-5 წელიწადში ევროპაში ფეხბურთი ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. მეტი სისწრაფე, ათლეტურობა და დისციპლინაა საჭირო. იმედია, მოთამაშეები ამას მიხვდებიან და შეეცდებიან, უკეთესები გახდნენ, რადგან საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება.

… ამაზე დიდ დროს ვხარჯავთ

ვეცადე, მოთამაშების დამოკიდებულებაზე მემუშავა, რადგან ფეხბურთში საქმისადმი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. ხშირად ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ უფრო მონდომებული მოთამაშე მეტს აღწევს და გუნდისთვის უფრო სასარგებლოა.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საქმე არა მოთამაშეების გაზრდა, არამედ, საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბებაა. ხანდახან საჭიროა ისეთი მოთამაშეების შერჩევა, რომლებიც ერთმანეთს შეესაბამებიან და უგებენ. დადებითი მიდგომაა საჭირო და ვიცი, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამის შესახებ ფეხბურთელებს უკვე ველაპარაკე – გვჭირდება ორგანიზება, დისციპლინა და მოედანზე თავდადება. მარტის მატჩებში ყველაფერი რიგზე იყო და მათზე ცუდს ვერ ვიტყვი.

რისი გამოსწორებაც მსურს, ეს თამაშზე მეტი კონტროლია. მეტოქის ნახევარზე გადასვლისას დიდ დროს ვხარჯავთ, ზედმეტად სწრაფად ვუტევთ და ბევრი ენერგია გვეხარჯება. ესპანეთთან ხომ ნახეთ, ბოლო 15-20 წუთი ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა. როდესაც ბურთი გვაქვს, შეგვიძლია ეს დრო დასვენებისთვის გამოვიყენოთ და დასკვნითი წუთებისთვის ენერგია შევინახოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბურთი ვაგოროთ და მის გარეშე ბევრი ვირბინოთ.

ფეხბურთელებს ვერ შევიძენთ

ბევრ გუნდს სხვაგვარი თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებიც აქცენტს სისწრაფეზე აკეთებენ. ჩვენ არსებულ რესურსს ვეყრდნობით და ცხადია, ნაკრებში ფეხბურთელებს ვერ შევიძენთ. მიმაჩნია, რომ თავდაჯერებაზე და ამბიციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მარტში ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 100 პროცენტით მზად თუ არ ვიქნებით, დიდ გუნდებთან წარმატებას არ უნდა ველოდოთ. საქართველოს არ ჰყავს ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, როგორც ესპანეთს, იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ევროპის არა მაღალ, არამედ, საშუალო დონის გუნდებში რომ ჩავეწეროთ, მიმაჩნია, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს. ფედერაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ძალიან კარგად მუშაობს და ეს შრომა მომავალში ერთ დღეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.

სპორტსმენი 24 საათი წნეხის ქვეშ ვერ იქნება

ფეხბურთელებთან არც ზედმეტი სიმკაცრე ვარგა და არც ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულება. ეს იგივეა, რაც ბავშვებთან ურთიერთობა – თუ სულ უყვირებ, ურთიერთობა აღარ მოუნდებათ, ხოლო თუ ზედმეტად კეთილი ხარ, მეტ შეცდომას დაუშვებენ. ამაში ბალანსის დაცვაა საჭირო. მოთამაშეებმა უცებ გაიგეს ჩვენი მოთხოვნები ტაქტიკასთან, ორგანიზებასთან, გუნდის ორგანიზებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოდუნება სჭირდებათ, არ შეიძლება სპორტსმენი 24 საათი წნეხის ქვეშ იყოს. ამის ატანა არავის შეუძლია.

არ მაინტერესებს, წარსულში ვის რა გაუკეთებია

არ ვიცი, ამ მატჩებთან დაკავშირებით რა მოლოდინებია, მაგრამ ამხანაგური მატჩები ექსპერიმენტების ჩასატარებლადაა. თავსი გამოჩენა იმ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ, რომელთაც ბოლო დროს თამაში არ მოუწიათ. ჯერ სამი მატჩი ჩავატარე მწვრთნელის რანგში და სხვა ფეხბურთელებიც უკეთ უნდა გავიცნო – ხოჭოლავა, დავითაშვილი, კვირკველია. სხვა ახალი მოთამაშეებიც გვყავს – კუხიანიძე და მიქაუტაძე, რომელმაც სამწუხაროდ, შვედეთთან ტრავმის შემდეგ თამაში ვერ შეძლო. შანსს ყველა მიიღებს, რათა აჩვენონ, რა შეუძლიათ. ბევრ მათგან ვუთხარი – არ მაინტერესებს, წარსულში რა გაუკეთებიათ – საინტერესოა, რას აკეთებ დღეს და რა იქნება მომავალში. ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ იმის მიხედვით იქნება მიღებული, ახლა რას დავინახავ – წარსულის წარმატება არ მაინტერესებს“.