ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა გუჯეჯიანი - ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა გუჯეჯიანი - ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. ჩვენი გუნდი 3-5 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში იასპარეზებს.

ქართველი ძიუდოისტების მზადებისა და მომავალი ჩემპიონატის შესახებ ტაიმაუტმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს.

„მომზადების ბოლო ეტაპი თელავში გავიარეთ და გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ძიუდოისტები ამ ეტაპზე კარგად გამოიყურებიან და, რაც მთავარია, ტრავმები არ აქვთ. აღსანიშნავია სიმშვიდე და მოტივაცია.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს. ვფიქრობ, რომ ის მზადაა და მისგან უმაღლესი სინჯის მედალს უნდა ველოდეთ.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზა, რათა ოლიმპიური ლიცენზია გამყარებული ყოფილიყო. ამჟამად ამ წონაში ლიცენზიას, ვაჟას წყალობით, საფრთხე აღარ ემუქრება. ის კარგად გამოიყურება და მისგანაც მედალი იგეგმება.

ლაშა შავდათუაშვილი, როგორც ყოველთვის, ტურნირებისთვის მზადების ეტაპებს მუდამ პროფესიონალურად უდგება. ვფიქრობ, ლაშა დღეს საუკეთესო ფორმაშია.

73 კგ წონითი კატეგორია ევროპის ჩემპიონატზე გაორებულია. ლაშასთან ერთად იასპარეზებს გიორგი ტერაშვილი, რომელიც დებიუტანტია. ვფიქრობ, რომ ნდობა, რომელიც მას გამოვუცხადეთ, იქნება სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი. მედლების განაწილების თემაში, რა თქმა უნდა, ისიც მოიაზრება.

ტატო გრიგალაშვილს კოჭის მცირე ტრავმა ჰქონდა, რომელიც გერმანიაში მიიღო, თუმცა ახლა ეს ტრავმა მოშუშებულია. მასთან დაკავშირებით ჩვენი ძირითადი მიზანი ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. წინ ძალიან დიდი ღონისძიებაა, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება. აქედან გამომდინარე, ტატო ევროპის ჩემპიონატისთვის, რა კონდიციებიც საკმარისია, იმ კონდიციებშია.

90 კგ-ს რაც შეეხება, აქ ქართული ძიუდოს ორი მარგალიტი გვყავს – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. მათი ასპარეზობა ნებისმიერ შეჯიბრებაზე რისხვაა კონკურენტებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ თემას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან მთელი ძიუდოს სამყარო იმაზე მუშაობს, რომ მათი კონკურენცია გადალახონ.

100 კგ-ში უმაღლესი სინჯის მედალს ველოდები ილია სულამანიძისგან. მას აქვს ყველაფერი, რომ გახდეს ევროპის ჩემპიონი, თუმცა ბრძოლა საჭირო იქნება.

მძიმე წონაში იასპარეზებს გურამ თუშიშვილი, ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი და ლიდერი. ის ფენომენალური სპორტსმენია და ტატამზე ყველაფერი შეუძლია“, – განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა.

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკებს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. შეხვედრები 3-5 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.