ტაიმაუტის ექსკლუზივი | დავით კაჭარავა - დღევანდელი ნაკრები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | დავით კაჭარავა - დღევანდელი ნაკრები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა #1TVSPORT

 „ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ მორაგბესთან, დავით კაჭარავასთან, რომელმაც მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა.

„ავსტრალიასთან პირველ შეხვედრაში იყო შანსი, რომ თამაში უფრო დაძაბული ყოფილიყო და გამარჯვებისკენ წავსულიყავით, მაგრამ ავსტრალია მაღალი კლასის გუნდია, თამაშის ხარიხით გვაჯობა და საბოლოოდ მოგვიგო.

რაც შეეხება პორტუგალიას, მათთან მთელი საქართველო მოგებას ელოდა. რა თქმა უნდა, არ არის მისაღები შედეგი, მაგრამ სპორტია და ხდება მსგავსი რაღაცები. ჩემი პირადი აზრია, რომ დღევანდელი ნაკრები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამ ფაქტს შედეგებიც ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ თამაშებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გულშემატკივრის მხრიდან იგრძნობა გუნდის მიმართა გვერდში დგომა. კარგია, რომ ეს ბიჭები გამარჯვების შემდეგ გვიყვარს, ჩვენთვის საუკეთესოები და საამაყონი არიან, მაგრამ როცა ასეთი რთული პერიოდი აქვთ, მაშინაც სჭირდებათ გამხნევება. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად ისინი განიციდან ამ შედეგს.

ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ მომავალ შეხვედრებში. ფიჯი ძალიან ძლიერი მეტოქეა, მით უმეტეს, წლევანდელ მსოფლიო თასაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მორაგბეები ყველაფერს გაიღებენ წარმატებისთვის. მჯერა, ბრძოლა და თავდადება იქნება.

ცვლილებები რაგბის წესებში

ცვლილებების შესახებ რამდენიმე წლით ადრე ვიცოდით. ეს ხდება იმიტომ, რომ რაგბი უფრო სანახაობრივი გახდეს, მეტი მაყურებელი მოიზიდოს. ცვლილებები უფრო დინამიკურს ხდის თამაშს და ეს კარგია. ჩვენ ამ ცვლილებებთან ადაპტაციას ვახერხებთ და ბოლო წლებში ბევრი კარგი, დინამიკური თამაში ვაჩვენეთ. ძველ და ახალ ნაკრებებს თუ შევადარებთ, დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

წინა თაობებთან შედარებით, დღეს უფრო მაღალი დონის მორაგბეები გვყავს, რომლებიც საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობენ. ეს პირობას გვიქმნის, ბევრად უფრო დინამიკურად და ლამაზად ვითამაშოთ და წინ წავიდეთ. ძალისმიერი რაგბის დღევანდელთან შედარება შეუძლებელია. მხოლოდ ძალისმიერი თამაშით დღეს წარმატების მიღწევა ძნელი იქნება.

ჩვენი უკანახაზელები ახალგაზრდები არიან და პიკის მისაღწევად რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდებათ – გუნდურ პიკს ვგულისხმობ და არა – ინდივიდუალურს. დარწმუნებული ვარ, მათ ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, კიდევ რამდენიმე წელი ერთად ითამაშებენ და უფრო დიდ წარმატებებს მიღწევენ.

ფიჯის ნაკრებზე

ფიჯელებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია მაღალი დონის თამაშის ჩატარება და აქედან გამომდინარე, პატივისცემით საუბრობენ „ბორჯღალოსნებზე“. ვაფასებ მათ ასეთ განწყობას საქართველოს ნაკრების მიმართ.

რაგბიში მოწინააღმედგის პატივისცემა თამაშამდე და თამაშის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და სანამ მეტოქეებს შორის ეს ურთიერთპატივისცემა იარსებებს, რაგბი იქნება ის, რაც არის…