ტაიმაუტი | ვაკო ყაზაიშვილი - ჩინურ გუნდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ, დავრჩები #1TVSPORT
ტაიმაუტი | ვაკო ყაზაიშვილი - ჩინურ გუნდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ, დავრჩები #1TVSPORT

„შანდონ ტაიშანის“ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ქართველმა ფეხბურთელმა ჩინეთის ჩემპიონატის 30 მატჩში 27 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შედეგადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ჩინეთში პირველი სეზონი ადაპტაციის პერიოდი იყო. მეორე სეზონში კი 27 გოლი გავიტანე, რაც ძალიან სასიხარულოა – მსგავსი შედეგიანი სეზონი კარიერაში არასდროს მქონია. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და მინდა, დავამტკიცო, რომ ბევრის გატანა შემიძლია.

გამიხარდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს. თუმცა, მეგონა, ჯილდოს აბრეუ მიიღებდა, რომელიც ბომბარდირი გახდა. აღიარების შემდეგ მან მომწერა და მომილოცა, რაც ძალიან მესიამოვნა. ბუნებრივია, ბომბარდირობა მეც მივულოცე. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ ორივე ერთ წელს და ერთ დღეს ვართ დაბადებულები.

კარგი სეზონი მქონდა და ვეცდები, შედეგი გავიმეორო. აქ ყველა მიცნობს – მწვრთნელები, გულშემატკივრები, მათ ძალიან ვუყვარვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩინეთში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და აზიასაც შევეჩვიე. ამჟამად კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, დავრჩები“, – ამბობს ვაკო ყაზაიშვილი.