#ტაიმაუტი | თორნიკე შენგელია - უბედნიერესი გრძნობა იქნება საქართველოს ნაკრების მაისურით თასის აწევა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში საუბრისას მის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად მალე დაიწყებს ვარჯიშს.

„მუხლი უკეთ მაქვს, ჯერ ბოლომდე აღდგენილი არ არის, რამდენიმე დღეა რაც სირბილი დავიწყე და დღითი დღე უმჯობესდება. დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც 4-5 დღეში დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს“.

შენგელიამ დღევანდელი თამაშის შესახებაც ილაპარაკა: „ბიჭები აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და დაიხარჯებიან, ყველას ვინც იბრძვის აქვს ნებისმიერ გუნდთან გამარჯვების შანსი და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენც გვაქვს შანსი, რომ სერბეთთან გავიმარჯვოთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდი არის ერთი დიდი ოჯახი და ეს ქიმია რაც ჩვენ გვაქვს მოედნის გარეთ ერთმანეთის მიმართ აისახება მოედანზეც და ეს საგრძნობლად ჩანს. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენ ასეთი წარმატებულები ვართ.

თორნიკემ „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში მის მთავარ ოცნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა და საქართველოს ნაკრების მაისურით თასის აწევა მისი ოცნებაა: „ჩემი პირადი ოცნებაა რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ვითამაშო და ჩემი აზრით, აუხდენელი არ უნდა დარჩეს, რადგან თუ ჩვენ სრული შემადგენლობით ვიქნებით, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ მეორე ეტაპზე და როცა მაქსიმუმზე ვსაუბრობთ რატომ არ უნდა ვიფიქროთ მედლებზე. ჩემთვის უბედნიერესი გრძნობა იქნება საქართველოს ნაკრების მაისურით თასის აწევა.“