ტაიმაუტი | თათია გაბუნია - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ შედეგი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | თათია გაბუნია - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ შედეგი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა, თათია გაბუნიამ და ნინო პასიკაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ტოკიო 2020-ის ვიცე-ჩემპიონთან, შვედეთთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება.

თათია გაბუნია: „ნაკრების ყველა წევრი ამ მატჩისთვის სრული მობილიზებით ემზადება. ყველანი ვცდილობთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. რაც შეეხება ტრავმიანობას, შედარებით ნაკლებია. ლეგიონერებიც ჩამოვიდნენ და ვემზადებით, რომ ღირსეულად ვითამაშოთ. საერთოდ, ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ვემზადებით, რომ რაღაც შედეგი ვაჩვენოთ“.

ნინო პასიკაშვილი: „გუნდში დებიუტანტებიც არიან, რომლებიც მწვრთნელმა ივნისში აზერბაიჯანთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოსცადა. ჩვენ ერთი მატჩი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ახალწვეულებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. ისინი დაეხმარებიან ნაკრების ძირითად ბირთვს. აზერბაიჯანთან მატჩები ჩვენთვის პოზიტიური იყო, რადგან ამხანაგური თამაშების ხშირად გამართვის დიდი ფუფუნება არ გაგვაჩნია. საკლუბო დონეზე ჩვენთან ფეხბურთი საკმაოდ გაიზარდა, წელს პირველად ტარდება მეორე ლიგის გათამაშება. ეს ყველაფერი მაიმედებს, რომ ნაკრებს წინსვლა ექნება“.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი, პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩვენს გუნდს 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.

მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის გიორგი ჩხაიძის გუნდმა თბილისში მზადება 9 სექტემბერს დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შვედეთის წინააღმდეგ სათამაშოდ 22 ფეხბურთელი მოემზადება.

შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 21 სექტემბერს გეტებორგის „გამლა ულევის“ სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.