ტაიმაუტი | საქართველოს ნაკრებში ექსპერიმენტები არ გაგრძელდება - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ სჯერა, რომ შეთქმულებას აქვს ადგილი #1TVSPORT
ტაიმაუტი | საქართველოს ნაკრებში ექსპერიმენტები არ გაგრძელდება - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ სჯერა, რომ შეთქმულებას აქვს ადგილი #1TVSPORT

ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში დაწინაურებული მოთამაშეების შესახებ ილაპარაკა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, მათ უფრო უკეთ თამაში შეუძლიათ, ვიდრე სექტემბრის თამაშებში აჩვენეს.

გაგრძელდება თუ არა ექსპერიმენტები?

არავითარ შემთხვევაში, რადგან ოქტომბრის ორივე შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. სექტემბრის თამაშების შემდეგ ეს ფრაზა რანაირადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც და სტაფიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოქტომბერში ბევრად წარმატებულად ითამაშონ.

შეუძლიათ თუ არა მეტი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს?

რა თქმა უნდა, ეროვნული ჩემპიონატიდან დამატებულ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ესაა – როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, ახალწვეულსაც უადვილდება. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელს უკმაყოფილობის გრძნობა აქვს, რადგან გამორიცხულია, ასეთი სამი თამაში მათი მაქსიმუმი იყოს.

რატომ ემთხვევა ფეხბურთელების ტრავმები შეკრების დაწყებას?

ზოგიერთ ფეხბურთელს მოკლე დროში ბევრი თამაში მოუწია… რთული საკითხია, ვერ გეტყვით. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ყველა ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია და არა მგონია, რომ რაღაც შეთქმულებას ჰქონდეს ადგილი. უბრალოდ, სამწუხაროდ, ასე დაემთხვა. მაგრამ იმაში დაგეთანხმებით, რომ არც ერთი შეხვედრა არ მახსენდება, რომელშიც ოპტიმალური შემადგენლობა გვყოლოდა. მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია.

ჩაკვეტაძე მნიშვნელოვანი ფიგურაა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კარგ ფორმაში იყოს. მან ბოლოს კლუბში ძირითად შემადგენლობაში გასული წლის სექტემბერში ითამაშა. რა თქმა უნდა, ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება, კლუბში კი მეტი დრო და თამაშები მიეცემა. მას ნაკრების ამ მატჩებში მეტი და მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ გიორგი ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ყველა ველოდებით, რომ საკლუბო პრაქტიკა ექნება.

ვის აღარ გამოიძახებს სანიოლი?

გადაწყვეტილება ემოციურად არ უნდა მიიღო. ყველას სჭირდება დრო, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს. ოქტომბრის თამაშებამდე დიდი დროა და ამიტომ, ვინ იქნება გამოძახებული, ეს კლუბებში ფეხბურთელების თამაშზე იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ მოხდება ანალიზი, ოქტომბრის თამაშებზე ვინ უნდა ჩამოვიდეს.

დაუშვებენ თუ არა საბერძნეთთან გულშემატკივარს?

რა თქმა უნდა, ჩვენი და ყველას დიდი სურვილია, რომ 9 ოქტომბერს ბათუმში დანიშნულ შეხვედრაზე სტადიონი იყოს სავსე, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა განსხვავებაა მაყურებლით და მათ გარეშე თამაშს შორის. თამაში სულ ცუდად რომ მიდიოდეს, გულშემატკივარს შესწევს ძალა, რომ ფეხბურთელებს მეტი ემოცია შემატონ, დაეხმარონ და თამაში გაუადვილონ.